თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში პოლიციამ ორგანიზებული დაჯგუფების სამი წევრი დააკავა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი სქემის მიხედვით როლები ჰქონდათ გადანაწილებული და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ახდენდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
უწყების ცნობით, ბრალდებულებიდან ერთი-ერთი პირი ნარკოტიკული საშუალების მყიდველებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ოჯახის დანარჩენი ორი წევრი კი ნარკოტიკის მიწოდებას უზრუნველყოფდა.
აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ბრალდებულებს ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი, რის გამოც, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეში სოციალური სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 8–დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.