თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.
კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.
აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?“