თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეადგინა.
კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუნდიდან, ხოლო პარტია „ევროპელი სოციალისტების" სახელით – მისმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.
გასულ ორშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლობში და ორბელიანის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების მონაწილეთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას წარმოადგენს.
„მოქმედებენ დესტრუქციული ძალები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მემორანდუმით და ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შემოსვლით დასრულდება ეს და დალაგდება ქვეყანა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორც წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მმართველი პარტია 14 აპრილს დატოვა, მათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში გადაინაცვლეს. ისინი პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით აგრძელებენ.