თბილისი 26 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ათასობით გვამის“ ხილვა არჩია მორიგი „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, იუწყება გამოცემა Daily Mail.
როგორც გამოცემა წერს წყაროებზე დაყრდნობით, პრემიერმა ასეთი რამ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი „ლოკდაუნის“ გამოცხადება განიხილებოდა.
„აღარავითარი ლოკდაუნი! დაე, ათასობით კაცი გაწყდეს“, — ასეთი ფრაზა მიეწერება ჯონსონს.
Daily Mail-ის წყაროს ინფორმაციით, ეს სიტყვები ქვეყნის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის ხელმძღვანელის მაიკლ გოუვის სიტყვების საპასუხოდ წარმოთქვა, რომელმაც ის გააფრთხილა, რომ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოების დასაცავად შესაძლოა სამხედროების გამოყენება გამხდარიყო საჭირო.
გარდა ამისა, წყაროები ასევე ირწმუნებიან, რომ ბორის ჯონსონმა სხვა დროსაც ბევრჯერ მისცა თავს უფლება, უხეშად გამოეთქვა აზრი „ლოკდაუნებთან“ დაკავშირებით. თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ როგორც ჯონსონის ოფისში, ისე მთავრობის სხვა მაღალჩინოსანი წევრებიც.
- „ყველა კატეგორიულად უარყოფს. ჩვენ თითქოს კომედიაში აღმოვჩნდით — ანონიმი ექსპერტების ანონიმი წყაროები ანონიმურ მოვლენებზე საუბრობენ. ეს ძალიან არასერიოზულია“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში რიგით მესამე „ლოკდაუნი“ მიმდინარე წლის 4 იანვარს გამოცხადდა და ის ისეთივე მკაცრია, როგორიც პირველი კარანტინი იყო.