თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება ჯანდაცვის სექტორში მობილიზაციის ხარისხი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თამარ გაბუნიამ ასევე საწოლფონდზე და საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ჰოსპიტლებში რჩება 3.700-მდე პაციენტი. პარალელურად სამინისტრო მუშაობს კლინიკების დამატებით მობილიზებაზე.
„გეგმა გვაქვს 10 მაისამდე 6 ათასი საწოლის მობილიზების. მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ჰოსპიტალურ სექტორს დაახლოებით 7.500 საწოლის მობილიზება სჭირდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით საწოლფონდი სრულიად საკმარისია“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ყველაზე მეტი დატვირთვა დედაქალაზე მოდის, სწორედ ამიტომ თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. ასევე ყველა სახის სამედიცინო მარაგი საკმარისია, რათა კოვიდ-ინფიცირებულმა პაციენტებმა მიიღონ შესაბამისი მომსახურება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 521-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 304.272-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.