თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში „ბრიტანული შტამის“ გარდა, რომელიც ახლა ცირკულირებს ქვეყანაში, შესაძლოა სხვა შტამებიც გამოჩნდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს მთავარ საფრთხედ სახელდება, „ინდური შტამია“.
არსებული მონაცემებით, ბოლო ოთხ დღეში ინდოეთში „ინდური შტამით“ ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ შტამის შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ამასთან, როგორც ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი განმარტავს, „ინდური შტამი“ არის აქამდე ცნობილი სამი შტამის - „ბრიტანულის“, „სამხრეთ აფრიკულისა“ და „ბრაზილიურის“ შტამი.
„სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეინფიცირების გაზრდა", - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა ინდოეთში, სადაც კლინიკური სექტორის სრული კოლაფსი მოხდა - კოვიდინფიცირებულები მხოლოდ იმიტომ დაიღუპნენ, რომ კლინიკებს ჟანგბადის მარაგები გაუთავდათ.
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 ათასს აჭარბებს. 25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 303 ათას ადამიანს გადააჭარბა. გარდაიცვალა 4.025 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
რაც შეეხება ინდოეთს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – ბოლო 24 საათში ინფიცირების თითქმის 350 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 2.767 ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ ქვეყნაში კორონავირუსმა 192,311 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯამში ინფექცია თითქმის 17 მილიონ ადამიანს გამოუვლინდა.