თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი გადავიდა, იუწყება განათლების სამინისტრო.
გასულ სასწავლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.
უწყების მონაცემებით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება.
უწყების ცნობით, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.
მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში ძალაში შედის წერტილოვანი შეზღუდვები - დისტანციურ სწავლებაზე გადადის ან მთლიანად სკოლა, ან კონკრეტული კლასი.
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო - 2086 საჯარო და 227 კერძო.