თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა – 2021 წლის პირველ კვარტალში მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 419 მლნ დოლარი შეადგინა – საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,1%, ნათქვამია სტატისტიკის ერივნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წლის დასაწყისიდან საქართველოდან თურქეთში გაიტანეს დაახლოებით 11 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 532,7 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 15,8 ათას ტონაზე მეტი ფოლადის ნახევარფაბრიკატები, 14,2 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონის ჯართი და ნარჩენები და სხვა საქონელი. პირველ კვარტალში თურქეთში ექსპორტმა 75,6 მლნ დოლარი შეადგინა.
წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან იმპორტი 1,9%-ით შემცირდა და 343,3 მლნ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 157 სატვირთო ავტომობილი, 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი 147 ავტომობილი, დაახლოებით 11,9 ათასი ტონა შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 92,4 ტონა სამკურნალო პრეპარატი და ა.შ.
გასულ წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.