გუდაურში 2018 წლის ინციდენტთან დაკავშირებით საბაგიროს ოპერატორებს ბრალდება წარედგინათ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
გუდაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის უკრაინელი, რუსი და შვედი ტურისტები იყვნენ.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. გუდაურის ე.წ. საძელეს მთაზე საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს ბრალი წარედგინათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 16 მარტს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგიროზე უბედური შემთხვევა მოხდა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგიროს ვაგონები მაღალი სიჩქარით დაეშვა ქვემოთ და ისინი სადგურს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდნენ ადამიანები. დაშავებულთა შორის იყვნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და შვედეთის მოქალაქეები. 

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2018
რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა

გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თანამდებობები მაშინვე დატოვეს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ. ამასთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა იმ ოპერატორს, რომელიც ინციდენტის მომენტში „საძელეს" მართავდა.

პროკურატურის ცნობით, გუდაურში „საძელეზე" საბაგირო ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, მემანქანე-ოპერატორებმა დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლები ხარისხის დაზიანებები მიიღო.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია), რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0