თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააუქმა რეგისტრაცია დეპუტატობის 121 კანდიდატისა „გირჩის“ საარჩევნო სიიდან – შესაბამის განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 23 აპრილს მოაწერა.
ამის საფუძველი გახდა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ცესკოს ხუთშაბათს წარედგინა.
ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა პარტიის დეპუტატობის კანდიდატებს საარჩევნო სიის რვიდან 129 ნომრის ჩათვლით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ ხმების 2,89% მიიღო და შედეგად საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი მოხვდა. პარტიაში დეკემბერში განხეთქილება მოხდა – ის ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა და თავისი ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ შექმნა.