თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში წიგნის დღესთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია „აჩუქე წიგნი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსახლეობას წიგნის დღე მიულოცა და საზოგადოებას წიგნის პოპულარიზაციის მიზნით აღნიშნულ კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში, თითქმის 20 წელია, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის შესანიშნავი ინიციატივაა. წიგნი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს დააწესა. იგი პირველად 1996 წლის 23 აპრილს აღნიშნეს.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსი მიიღო ერთი წლის ვადით. აღნიშნულ სტატუსს თბილისის მერი კახა კალაძე კუალა-ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარებს.
UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.