თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭიაურსა და ვარდისუბანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და სათბურები დააზიანა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
დილიდან მერიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას სწავლობენ. ადგილზე მობილიზებული არიან ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
სინოპტიკოსები უახლოებს დღეებში საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.