მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია ცდილობს მსხვერპლის მანტია მოირგოს
„ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაწეული ყოველი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, ააშკარავებს, რომ იმთავითვე ეს იყო არა პოლიტიკური პატიმრობა… არა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა, არამედ სახეზე არის მცდელობა – ვიღაცამ მოირგოს მსხვერპლის ნიღაბი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მელია მიიჩნევს, რომ გირაო უკანონოდ აქვს შეფარდებული.