რექტორის გადადგომის მოთხოვნით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

© Sputnik / Alex Shlamovტექნიკური უნივერსიტეტი
ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
სტუდენტების განცხადებით, დავით გურგენიძეს კრიმინალური წარსული აქვს და ის აღნიშნულ პოზიციას არ უნდა იკავებდეს.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

უკვე რამდენიმე კვირაა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დავით გურგენიძე სამჯერაა ნასამართლევი და მისი რეზიუმე გაყალბებულია. მათი ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გასამართლებულია ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა იარაღის უკანონო შეძენა, არასრულწლოვანი ბავშვების გატაცება მამასთან ერთად და თაღლითობა. 

სტუ - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
ბუნტი სტუ-ში: სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

„გადავდივართ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე. სანამ ეს პიროვნება არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას, იქამდე გავაგრძელებთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი ყველა ნასამართლეობა არის გაქარწყლებული.

„რაც შეეხება ჩემს ნასამართლეობებს, მე ორ შემთხვევაში ვარ გამართლებული, მესამე შემთხვევაზე პროკურატურაში მიდის მოკვლევა, საგამოძიებო მოქმედებები ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი პარტნიორების მიმართ 2007-2009 წლებში ჩადენილი რეპრესიებისა და ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებული ვარ“, – განაცხადა გურგენიძემ.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ლომინაძე. მისი განმარტებით, გურგენიძის ნასამართლეობა უკვე გაქარწყლებული იყო, როდესაც მან რექტორის პოზიციაზე კენჭი იყარა.

უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას რექტორის გადადგომამდე არ აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0