თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თელ-ავივისა და ერევნის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგულარული ფრენები თბილისი–თელ-ავივი–თბილისისა და თბილისი–ერევანი–თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება:
- თბილისი–თელ-ავივი–თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას
- თბილისი–ერევანი–თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქართულ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.
სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.
ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.