თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. განცხადება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.
ჯერჯერობით უცნობია რა მიზეზით დატოვა თანამდებობა ანთიძემ, მაგრამ 18 აპრილს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განცხადებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს.
სააგენტოში აღნიშნულს სიცრუე უწოდეს.
ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.