რას ელოდებიან პოლიტიკოსები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

© Sputnik / STRINGERშარლ მიშელი მოლაპარაკებებზე
შარლ მიშელი მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პარლამენტში გამართული შეხვედრა შეაფასეს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ყველა ის პოლიტიკოსი იმყოფებოდა, რომლებმაც გუშინ და დღეს ხელი მოაწერეს მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას.

„ამ ხელმოწერის შემდეგ დღეს უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა და სურდა პოლიტიკური კრიზისი, ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია – რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ ოპოზიციას და უმრავლესობას უნდა ემუშავათ ერთად პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
მეამბოხეები სააკაშვილის პარტიიდან – რის მიღწევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა"?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა პარტია საბოლოო ჯამში იქნება პარლამენტში, უბრალოდ „მცირე ჯიუტობებს“ აქვს ადგილი.

„ვთხოვ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, ყველა კოლეგას უმრავლესობაში, რომ აღარ არის კინკლაობის და ლანძღვა-გინების დრო, ვაჩვენოთ ევროპული კულტურა ქვეყანაში, რომ ლანძღვა-გინებას ანაცვლებს კამათი და დებატები კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, ვაშაძის თქმით, მისმა მონაწილეებმა გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტის რეალიზაციაზეც ისაუბრეს.

„ველოდებით შეწყალებას გიორგი რურუასი. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, მათ შორის, შეთანხმებაშია გაწერილი. ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ეს ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა „ჩართულია“, – განაცხადა ვაშაძემ.

თავად მელია კატეგორიული წინააღმდეგია გირაოს გადახდის. შესაბამისად, პარლამენტში მის გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმების მოძებნა მოუწევთ. ერთ-ერთი ვარიანტია ამნისტიის კანონი.

„თუ მელია გირაოს არ თანხმდება, ეს მისი ნებაა, მაშინ რჩება ამნისტიის შესაძლებლობა, რითიც ის იქნება გათავისუფლებული. ამაში მონაწილეობას მიიღებს ორივე მხარე“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს განუმარტეს ის მიზეზები, რომელთა გამოც ნიკა მელია გირაოს გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

„ხელისუფლება თუ არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ, შეთანხმების თანახმად, ერთ კვირაში, შემდეგ ორშაბათს, პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს უკვე ამნისტიის კანონი. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მუშაობა დაიწყება ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ამნისტიის შესახებ კანონის შედეგად ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში ენმ-ის დეპუტატებიც შევლენ.

„ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, რომ შემოგვიერთდება კიდევ ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამის შემდეგ, უკვე სრული შემადგენლობით ოპოზიციას შეგვიძლია, ყველა სხვა საკითხზე, საარჩევნო რეფორმაზე და ა.შ. მუშაობა დავიწყოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დღის ბოლოს შარლ მიშელის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„თქვენ გვერდით ვართ“: შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა სამმა პარტიამ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, „ევროპულმა საქართველომ" და „ლეიბორისტულმა პარტიამ".

დღეს დოკუმენტს ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა, რომელმაც პარტია არჩევნების შემდეგ, დეკემბერში დატოვა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ზურაბიშვილი: შეთანხმება ბევრს ნიშნავს პოლარიზაციით გადაღლილი საზოგადოებისთვის

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ამას გარდა პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0