პიოტრ აკოპოვი
ჯერ იყო და, ბაიდენმა მკვლელი უწოდა პუტინს, მერე „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან“ დაკავშირებით დაიძაბა ვითარება, ბოლოს აშშ–ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და უახლოეს მომავალში შეხვედრა შესთავაზა, მეორე დღეს კი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი.
ამის შემდეგ პრესის წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ სურვილი არ აქვს, „წამოიწყოს რუსეთთან ვაქცი... ესკალაციისა და კონფლიქტის მორიგი ციკლი“, რომ აშშ დაინტერესებულია რუსეთთან მუშაობით და საერთოდაც, მას სურს სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობები, რისთვისაც „პრეზიდენტ კლუტინთან... პუტინთან შეხვედრაა საჭირო ზაფხულში, სადმე ევროპაში“. ფარდა.
განა, სასაცილო არ არის? რა თქმა უნდა, მაგრამ, სიმართლე ითქვას, ბაიდენის შეცდომებზე ხუმრობაც კი უკვე აღარ არის სასაცილო და საინტერესო. თუმცა არც ის იქნებოდა სწორი, რომ ვითარება ისე წარმოგვეჩინა, თითქოს ვაშინგტონში არ იცოდნენ, რა მოუხერხონ რუსეთს და ამიტომაც მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდს მიმართავენ — ხან მწარეს სთავაზობენ მას, ხან ტკბილს.
არა , თეთრ სახლში და მის შემოგარენში სულელები არ სხედან — მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენები აქვთ იმაზე, რისი მიღწევა სურთ, მათ შორის, რუსეთის მიმართულებით. მაგრამ აქვთ კი მათ ამის შესაძლებლობა და ესმით, რამდენად სწორია მათი სტრატეგია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით? არა. მაგრამ ამის გაგება მნიშვნელოვანია კრემლისთვის — სტრატეგიული კუთხით, ხოლო ტაქტიკური თვალსაზრისით ახლა საინტერესო სხვა რამაა: რა რეაქცია უნდა ჰქონდეს პუტინს მომხდარზე? ან უფრო მარტივად: წავიდეს თუ არა ბაიდენთან შეხვედრაზე?
ისე ჩანს, თითქოს ახლა მოლაპარაკებები მართლაც ამერიკელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე რუსებს. აქედანაც წარმოიშვა ვარაუდი, თითქოს ბაიდენი, სხვადასხვა მიმართულების ნაბიჯებით, შეგნებულად უბიძგებს პუტინს, დათანხმდეს შეხვედრას, „აიძულებს სამიტში მონაწილეობას“. და თითქოს ამიტომაც ამერიკელებთან დათმობაზე წასვლა არაფრით არ შეიძლება — საჭიროა უარის თქმა და პაუზის გაკეთება.
ამერიკელებს ნამდვილად არ უყვართ, როცა უარს ეუბნებიან, მათ შორის, როცა მოლაპარაკებებზე არ თანხმდებიან. და ზოგჯერ ასეთი ტაქტიკა სრულად გამართლებულია — ასე უკვე კარგა ხანია იქცევიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომელიც აშშ–ის მორიგი არამეგობრული მოქმედებების შემდეგ, უკვე ერთი წელია, ამერიკელებთან არანაირ კონტაქტზე არ მიდის. ირანელებმა არაერთხელ თქვე უარი ამერიკელებთნ პირდაპირ კონტაქტებზე — მათ შორის, უმაღლეს დონეზე. მაგრამ რუსეთის შემთხვევაში მასშტაბი და კონტექსტი სხვაგვარია.
საქმე ის არაა, რომ პუტინმა პირველმა შესთავაზა ბაიდენს შეხვედრა. პუტინი მზადაა ყველას ელაპარაკოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ რა ინტერესები აქვს ახლა რუსეთს? ამერიკასთან კონფრონტაციის შერბილებაზე შეთანხმება? რომელიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პრობლემის — ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთის, ირანის ბირთვული გარიგების, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო–ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთო ენის გამონახვა? ამერიკელებისთვის წითელი ხაზების მონიშვნა უკრაინის მიმართულებით?
არა — ეს ყველა ლოკალური ამოცანაა. ირანის მიმართულებით მოსკოვმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთა 2015 წელს აშშ–ის მონაწილეობით შეთანხმებისთვის და ახლა არანაირად არ დაიწყებს ირანელებზე ზეწოლას. კორეის საკითხზე საერთოდ არაფერის გაკეთება არ არის შესაძლებელი. თანაც საუბარია არა იმაზე, რომ კიმ ჩენ ინი სარაკეტო–ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაში დაარწმუნონ ( პრინციპში ეს არარეალურია), არამედ ყველაზე მარტივზე — ლაპარაკ–მოლაპარაკებებე. მანამ, სანამ შტატები ფხენიანზე სასანქციო ზეწოლას არ შეასუსტებენ, ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარიც კი შესაძლებელი არ არის.
იქნებ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–თან“ დაკავშირებით მოლაპარაკების ცდა ღირდეს ამერიკელებთან? ესეც უსარგებლოა. ან რისთვის? თუ ევროპელები არულიად წარმატებით უმკლავდებიან საკუთარი ინტერესების დაცვის ამოცანას?
უკრაინა? მაგრამ აქ ჯერჯერობით ყველანაირი, შედარებითი თანხმობის მიღწევაც კი შეუძლებელია — სანამ ვაშინგტონში არ გაიგებენ, რომ რუსეთის გაღიზიანება უკრაინის ატლანტიზაციით — ეს საუკეთესო მეთოდია მის სწრაფად დასაკარგავად.
ხომ არ დაელაპარაკოს პუტინი ბაიდენს ჩინეთზე, მოისმინოს მისი მონათხრობი, თუ რაოდენ სახიფათოა ჩინეთი რუსეთისთვის და რომ ეს ბრეჟნევსაც ესმოდა? რათა მერე სი ცზიპინთან ერთად იცინოს ამაზე.
მაგრამ არცერთი ეს პრობლემა, მიუხედავად მათი მნიშვნელობისა, არ არის ბაიდენთან შეხვედრის საბაბი. უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური ინტერესი: რაც უნდა იყოს, პუტინისთვის ეს მეხუთე ამერიკელი პრეზიდენტია, რომელსაც პირისპირ ერთადერთხელ შეხვდა ათი წლის წინ და ისიც არც ისე ხანგრძლივად. და მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა მაშინ პუტინს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა მისცა საკუთარი პიროვნების ანალიზისთვის, ასეთი შთაბეჭდილებები არასდროს არ არის ზედმეტი. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო არენაზე პრაქტიკული მუშაობისთვის.
რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატეგია, საგარეო პოლიტიკური თამაში — აი, რა ხდის შეხვედრას სასურველს. რუსეთს უბრალოდ პრეტენზია კი არ აქვს 21–ე საუკუნის მსოფლიო სისტემის ფორმირებაში მონაწილეობაზე, არამედ უკვე აქტიურადაა დაკავებული ამით. ამასთან ამერიკული წესებით კი არ თამაშობს (როგორც ეს რუს ვაი–პატრიოტებს ელანდებათ, რომლებიც გამუდმებით კვნესიან, რომ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვა კი არა, მათი ფორმულირებაც არ შეუძლია), არამედ მრავალპოლარულის მსოფლიოს პრინციპულად ახალ კარკასს აგებს. დიახ, რუსეთი ჩინეთთან ერთად მუშაობს ამაზე, მაგრამ აქ ორი ქვეყნის ინტერესები სრულად ემთხვევა. დიახ, რუსეთი ძალიან ყურადღებთ აანალიზებს აშშ–ის ნაბიჯებს და რეაგირებს მათზე, მაგრამ სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს ამერიკული აკურატული დეკონსტრუქცია არის კიდეც ყველა რევიზიონისტული ძალების (ამერიკის თვალსაზრისით) საკვანძო ამოცანა?
ბაიდენი მართალია იმაში, რომ რუსეთი ამერიკის საქმეებში ერევა — მაგრამ არა არჩევნებში. სხვათა შორის, ამაზე „ვაშინგტონურ ჭაობთან“ კამათი უსარგებლოა: მისი ბინადრებისთვის ეს დიდი ხანია, რაც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა.
დიახ, რუსეთი ნამდვილად ერევა და „არღვევს აშშ–ის ინტერესებს“ — მაგრამ საუბარია არა მათ გლობალურ ინტერესებზე, მათ თვითგამოცხადებულ უფლებაზე „მწყემსონ ხალხი“, რაც ამერიკელებს აღარც მორალურად შეუძლიათ და აღარც ფიზიკურად. რუსეთი, არის რა ამერიკაზე მატერიალურად ბევრად სუსტი, მაინც ფლობს ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას.
ი ისტორიის სწორ მხარეს დგას — ანუ საკუთარ ტაქტიკას მსოფლიო ძალთა ბალანსისა და გლობალური არქიტექტურის სტრატეგიულად განსაზღვრული ტენდენციებიდან გამომდინარე აგებს. არსებითად რუსეთი გამოდის ცვლილებების ლიდერის როლში, როგორც ატლანტიკური მსოფლიო წესრიგის დაუმთავრებელი ბაბილონის გოდოლის დემონტაჟის პროცესის მთავარი წარმმართველი. და ამ როლში აქვს შეხვედრას აზრი ბაიდენი იქნება ეს, კამალა ჰარისი თუ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი, მაგრამ განწირული ქალაქის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!