თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების მონაცემებით, მომხდარის დეტალები ზუსტდება.
მედიის ინფორმაციით, 40 წლის კამილ ნამაზოვმა დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი დაჭრა.
ნამაზოვების სახლში პოლიცია გამოიძახეს თავდამსხმელის ოჯახის წევრებმა, რომლებიც მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.
დაჭრილი პოლიციელი ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ნამაზოვის დასაკავებლად საჭირო გახდა პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება.
დაკავებულის მშობლები აცხადებენ, რომ დაკავებული ცოტა ხნის წინ მოიხმარდა ნარკოტიკებს და ფსიქიკასთან პრობლემები აქვს.
შაბათს პოლიციელებზე თავდასხმის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - აჭარასა და სვანეთში. ორივე შემთხვევაში დაშავებული თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).