თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდრისკების გათვალისწინებით, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში Sinopharm-ის დროულად ჩართვას. Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყება.
„გადაწყვეტილია, რომ მალე დაიწყება ჩინური ვაქცინით აცრები. ქვეყანაში არის დასაწყობებული Sinopharm-ის 100 ათასი დოზა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც სპეციალისტები ელოდებიან. გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზამდე უკვე გამოყენებულია.
საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.
ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.
ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.
ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 29.184 ადამიანს ჩაუტარდა.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.