თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შესთავაზა ახალი შეთანხმება, რომელმაც ყველა პოლიტიკურ პარტიას დააკმაყოფილებს, ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი, ხუთპუნქტიანი დოკუმენტის ტექსტი ოპოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელმა დიპლომატებმა გააცნეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, შარლ მიშელის წინადადება დაბალანსებულია და ასევე რეალისტურიცაა.
დიპლომატის თქმით, მოლაპარაკებების ზოგიერთმა მონაწილემ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა.
„დღეს, დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებენ როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების წარდგენას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჰარცელმა.
მისი თქმით, ამ შეთანხმების ტექსტი გადაეცა ყველა მხარეს – როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიცურ პარტიებს, ამიტომ შეხვედრა შედარებით ხანმოკლე იყო.
„ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციასთან და შუამავლებთან მოლაპარაკებებზე არ გამოცხადებულან. დიპლომატების შუამავლობით ორგანიზებული შეხვედრა დღეს მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო ორჯერ გადაიდო.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათი უმრავლესობისთვის დოკუმენტი მისაღებია, რადგან მოიცავს პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს; ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზეა მიბმული. ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა პროპორციული ხმების სულ მცირე 43% უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხევაში (თუ მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს) ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში, პოლიტსაბჭოს შემდეგ იქნება მიღებული.
„პრინციპულად ეს დოკუმენტი მისაღებია, თუმცა „ლელო“ ყველა პუნქტს, რომელიც ხელში მიჭირავს, ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან.
ამავე დროს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დღეს ყველა მხარეს მოუწოდეს, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ახალ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრიდან გრძელდება.
„თითქმის ექვსი თვის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ დაგვანახა, რომ სურს იხილოს გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან და პარლამენტის ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად, რეგიონული პრობლემების, გამოწვევების, COVID-19-ის და ეკონომიკური კრიზისის ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმებით გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს, „შექმნის მეტად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, მეტად ძლიერ საარჩევნო პროცესებს და პარლამენტს, რომელიც უკეთ შეძლებს წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა“.
პარასკევს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი წინა დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მეორე რაუნდის დროს შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.