თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობები იმართება, იუწყება РИА Новости-ს კორესპონდენტი. პროტესტი ჯერჯერობით მცირე მასშტაბისაა.
ათკაციანი ჯგუფები მსვლელობით მიემართებიან ქუჩებში, ჯერჯერობით სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებები არ დაწყებულა. პოლიცია მხოლოდ აცილებს მომიტინგეებს. დროგამოშვებით დემონსტრანტები სავალ ნაწილზე ჩერდებიან.
ისმის ლოზუნგები Black Lives Matter („შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“). დემონსტრანტები სკანდირებენ ახლახან დაკავებისას მოკლული აფროამერიკელის, დანტე რაიტის სახელს. ისმის შეძახილები: „რევოლუციას ვერ შეაჩერებთ“, „არა ნიუ-იორკის პოლიციას“, „შეწყვიტეთ შავკანიანი ბავშვების დახოცვა“, „შავი ძალა“, „რასისტულ სისტემაში კარგი პოლიციელი არ არსებობს“.
მომიტინგეები მოუწოდებენ ქალაქის ხელისუფლებას, შეუჩეროს დაფინანსება ძალოვანებს.
მანამდე მინესოტის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის სტაჟის მქონე პოლიციელ ქალს, კიმ პოტერს ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და შემთხვევით სასიკვდილოდ დაჭრა აფროამერიკელი დანტე რაიტი, რომელიც დაკავებისას ხელიდან გაუსხლტა პოლიციელებს და გაქცევას შეეცადა. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა შემოწმებით გაირკვა, რომ მძღოლზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. რაიტის სიკვდილს საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.
კიმ პოტერი სამსახურს სტანდარტული პროცედურის მიხედვით ადმინისტრაციული წესით ჩამოაშორეს.