თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ავსტრიაში აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად წასვლაზე უარი უთხრა.
გვარამიას განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ავსტრიაში სასწრაფოდ სჭირდება გამგზავრება კვლევების ჩასატარებლად. მისი მტკიცებით, მან პროკურატურას ავსტრიელი ექიმების წერილი წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო მომსახურება „აბსოლუტური აუცილებელობაა“, თუმცა უწყებისგან ქვეყნის დატოვებაზე უარი მიიღო.
„პროკურატურას მივმართე მოთხოვნით, მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და, ცხადია, არც სადმე გაქცევას ვაპირებ. სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - მიმალვის საფრთხე“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამის საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება. მას ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ნიკა გვარამიამ მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა იგი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ახალი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილიც თან წაიყვანა.