დანარა კურმანოვა
14 აპრილს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ახალ მიმართულებას — ტრეკ „საერთაშორისოს“ აამოქმედებენ. მასში მონაწილეობას 55 წლამდე ასაკის უცხოელები შეძლებენ, სააგენტო Sputnik მოგითხრობთ, როგორია კონკურსის პირობები და რას აძლევს მასში მონაწილეობა ახლო საზღვარგარეთის მოქალაქეებს.
მთავარია ნიჭი
პროექტის მთავარი მიზანი თავად პლატფორმის სახელწოდებაშია ჩადებული — რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა უნდა გახდეს, თანაც არა მარტო საკუთარი მოქალაქეებისთვის. ამაში დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკოც.
„2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გზავნილში გახმოვანდა, რომ რუსეთის განვითარების პრინციპული პირობა არის ადამიანების თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, — განაცხადა მან ტრეკ „საერთაშორისოს“ პრეზენტაციაზე, — და რაც ადრე შეძლებს ადამიანი თვითრეალიზებას, მით უკეთესი“.
კირიენკოს თქმით, იმის თაობაზე, რომ კონკურსი „რუსეთის ლიდერები“ ნამდვილად ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში, ციფრები მეტყველებს. პროექტის არსებობის სამი წლის განმავლობაში მონაწილეობაზე განაცხადი ხუთმა მილიონმა ადამიანმა წარადგინა. კირიენკოს მიაჩნია, რომ მიმდინარე წელს მაჩვენებლები აშკარად გაიზრდება — დიდწილად Россия сегодня-ს თანამშრომლის, სააგენტო Baltnews-ის შეფ-რედაქტორ ალინა გერლინიას წყალობით.
საქმე ისაა, რომ მანამდე, 26 მარტს ალინა გერლინიამ ვლადიმირ პუტინს მიმართა წინადადებით, შემოეღო კონკურსში „რუსეთის ლიდერები“ ცალკე სპეციალიზაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის, და ამასთან გაემარტივებინა რუსეთის მოქალაქეობის მიღება მისი ნიჭიერი თანამემამულეებისთვის. პრეზიდენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.
„უნდა ითქვას, რომ ალინა გერლინია ბალტიისპირელია, — ამბობს კირიენკო, — მან გაბედულად წამოაყენა წინადადება, ჩვენს კონკურსში კი ბევრ უცხოელს სურს მონაწილეობის მიღება. ჩვენ სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთ და მისი შედეგებით, გამოკითხულთა 93%-ს რუსეთში დარჩენა სურს საცხოვრებლად და სამუშაოდ. 80%-ს მიაჩნია, რომ კონკურსი — ეს ზუსტად ისაა, რაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს“.
მაგრამ, როგორც თავად ალინა გერლინიას მიაჩნია, ყველა უცხოელი ვერ არის ისეთი ჯიუტი, რომ ყველა ბიუროკრატიული წინააღმდეგობა გადალახოს და ქვეყანაში დარჩეს. „რუსეთში ნიჭიერი ადამიანები უნდა მოხვდნენ. ზოგჯერ მათთვის ბიძგის მიცემაა საჭირო და კონკურსი „რუსეთის ლიდერები“ ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა“, — თქვა მან.
ბინადრობის უფლება თუ მოქალაქეობა ბონუსად
კონკურსის საერთაშორისო მიმართულებაში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთხოვნა არსებობს: უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს, უნდა გქონდეთ არანაკლებ ორწლიანი მენეჯერული გამოცდილება. ტრეკის ფინალისტებისა და გამარჯვებულებისთვის პრიზებს შორისაა: საგანმანათლებლო გრანტი ერთ მილიონ რუბლზე, მუშაობა მენტორთან, რომელიც რუსული ბიზნესიდან ან სახელმწიფო მართვიდან იქნება შერჩეული, ასევე რუსეთის მენეჯერულ საკადრო რეზერვში მოხვედრის შანსი.
თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა მონაწილე, რომელიც ფინალში გავა, გარანტირებულად მიიღებს ბინადრობის უფლებას, ხოლო გამარჯვებულები რუსეთის მოქალაქეები გახდებიან დაჩქარებული წესით.
აღნიშნული პრაქტიკა უცხოელებისთვისაც სასარგებლოა და რუსეთისთვისაც, მიაჩნია ალექსეი კომისაროვს და დასტურად ისიც სტატისტიკას იშველიებს. უცხოელები მანამდეც მონაწილეობდნენ კონკურსში „რუსეთის ლიდერები“, თუმცა რუსეთის მოქალაქეებთან თანაბარ პირობებზე, და ყველაზე აქტიურად განაცხადები ახლო საზღვარგარეთის მოქალაქეებს შემოჰქონდათ. ტოპ–5-ში მოხვდნენ: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ლატვია.
„მიაქციეთ ყურადღება უცხოელი მონაწილეების განათლების დონესაც. მათი 36%-ზე მეტი მაგისტრია, არიან მეცნიერებათა კანდიდატები — 2,2%“.
ანტირუსული ფობიები აღარ მუშაობს
1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცე დიდი ხნით იქცა სხვა ქვეყნებში „ტვინების გადაქაჩვის“ უძირო ჭად — აშშ-დან სამხრეთ კორეამდე. დღეს ეს ვითარება უნდა გამოსწორდეს, — მიაჩნია ტელეარხ RT-ს, სააგენტო Россия сегодня-სა და სააგენტო Sputnik-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს.
„ვის აღარ მიჰყავდა ჩვენი IT–სპეციალისტები თუ ექიმები... ახლა დროა, ჩვენც წამოვიყვანოთ ნამდვილად წარმატებული ადამიანები ჩვენკენ, — ამბობს ის. — ტელეარხი RT დაფუძნების პირველივე დღიდან მუშაობს უცხოელებთან. როცა ყველაფერი იწყებოდა, როცა ის–ის იყო, ხალხს ვკრებდით, გაოგნებული ვიყავი, რაოდენ ბევრ უცხოელს სურდა ჩვენთან სამუშაოდ ჩამოსვლა. არადა, მაშინ, 2005 წელს რუსეთი ესოდენ მიმზიდველი ქვეყანა არ იყო — მაშინ ჯერ არც ვაქცინა Sputnik V იყო გამოგონებული და არც სხვა ბევრი კარგი რამ“.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი ამბობს, ყურადღება სხვა მნიშვნელოვან მომენტზეც უნდა გამახვილდეს: კონკურსის საერთაშორისო მიმართულება თავის სახელწოდებას ინარჩუნებს, ანუ უცხოელები ასევე შეიძლება იყვნენ რუსეთის ლიდერები.
„რუსეთი აღმოჩენების ქვეყანაა და ეს პროექტი აჩვენებს, რომ რუსოფობიული მოდელები არ მუშაობს, ისინი ფასს კარგავს, — ამბობს შვიდკოი. — ადამიანები შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობდნენ, იყვნენ სხვა ეროვნებისა, მაგრამ იციან ენა და თავს რუსებად გრძნობენ. ეს არის კიდეც რუსული სამყარო“.