თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული სამკერვალო საწარმო „ანაბეჭდი“, რომელიც ქვეყანაში წამყვან ბრენდულ კომპანიებს უნიფორმებით ამარაგებს, სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა.
„ანაბეჭდი“ სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული მხარდაჭერით საწარმო აღიჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად – წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი მეტად ხარისხიანი.
წარმოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„კომპანიას გაფართოების ძალიან კარგი გეგმები აქვს. შეიძინეს დანადგარები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს, მათ შორის, უნიფორმებით. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ანაბეჭდი“ წლის განმავლობაში 300 ათასზე მეტ უნიფორმას კერავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანია უნიფორმებს ქმნის ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Agrohub, Goodwill, Elit Electronics, Carrefour, Domino, East Point და ა.შ.
ფაბრიკაში ამ ეტაპზე 100-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისთვის, ამიტომაც ისინი პერიოდულად გადამზადების კურსს გადიან.
აღნიშნული პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 3,7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
კომპანიის გეგმებშია ქსოვილების წარმოების დაწყება, რამდენადაც ამ ეტაპზე იგი უცხოეთიდან შემოაქვთ. საკუთარი ქსოვილების წარმოება კომპანიას თანამშრომელთა შტატის გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.
პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6.212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.