თურნავა: ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიცია გვერდზე გადავდოთ

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, გუშინ აქციაზე ექვსი აქტივისტი დააკავეს, დღეს სამართალდამცველებმა მომიტინგეებს გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

დღეს საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

პროტესტი „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ასობით ადამიანი მივიდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

„საქართველოს საპატრიარქოდან წამოვიდა ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება და ამ ფონზე, მსურს ხელახლა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე... მოისმინონ კითხვებზე პასუხები, თუ მათ რეალურად აინტერესებთ ამ პასუხების მოსმენა“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მზადაა, 24-საათიან რეჟიმში შეხვდეს აქტივისტებს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის ესკალაცია
„ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმოებებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს... ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან – ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებიც. ისინი მიესალმებიან „ნამახვანჰესზე“ საპატრიარქოს განცხადებას და მიიჩნევენ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

როგორც სამინისტროების განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის. სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლა დღესაც გრძელდება. უწყებებში იმედს იტოვებენ, რომ დიალოგი შედგება.

„იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ. დღეს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ასეულობით ადამიანმა გააპროტესტა.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი ადამიანი.

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0