თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ცნობილი ჟურნალისტის ნინო შუბლაძის დედ-მამა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინო შუბლაძე ავრცელებს და წერს, რომ სამწუხაროა, რომ ამ პროცესს მისი და ვერ მოესწრო.
შუბლაძის თქმით, მისი და, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე გარდაიცვალა, ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა.
„ასე ერთად ვგეგმავდით მშობლების აცრასაც. ვაქცინაციაა ჩვენი ხსნაო, სულ ამბობდა სოფო და დღეებს ითვლიდა ვაქცინის შემოტანამდე…. დაგვაგვიანდა!“ – წერს ჟურნალისტი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები საქართველოს“ დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად თებერვალში გარდაიცვალა.
სოფო შუბლაძე ცნობილი ჟურნალისტის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და იყო. სოფოს მდგომარეობა გარდაცვალებამდე ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ.
სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.