„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შეკრების ადგილი შეიცვალა

© Sputnik / STRINGER აქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება – გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა კი მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელი გუმათი შესთავაზეს.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სოლიდარობის აქცია – შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“ სოფელ გუმათში გაიმართება, იუწყებიან აქციის ორგანიზატორები. 

სამძებრო ოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

თავიდან აქციის გამართვა თბილისში, მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი გუმათში ჩატარება გადაწყდა.

ორგანიზატორების თქმით, დღეს მხარდაჭერა მათ უფრო გუმათში სჭირდებათ.

გუშინ სოფელ ნამოხვანში პოლიციამ „რიონის ხეობის დამცველთა“ „კარვების ქალაქი“ მოშალა – იქ დადგმული კარვები აიღო.

როგორც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, კარვები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში აიღეს, აქციის ორგანიზატორებს კი „კარვების ქალაქის“ სოფელ გუმათში მოწყობა შესთავაზეს.

მისი თქმით, კარვები მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო აიღეს – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას და მდინარე რიონში წყლის დონის მატებას პროგნოზირებენ.

ამავე დროს თამაზაშვილმა 10 აპრილს გაუჩინარებულ აქტივისტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მაშველები მდინარე რიონში სამძებრო–სამაშველო ოპერაციას ამ დრომდე აგრძელებენ. 

სამაშველო ოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
რიონში დაკარგული მამაკაცის ძებნა გრძელდება

„მაშველებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უწევთ მუშაობა, სამწუხაროდ, სიახლე არ არის. გუშინდელი ფაქტიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას და მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლას ვარაუდობენ, ჩვენ, ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კარვების აღნიშნული ტერიტორიიდან გატანის აუცილებლობის წინაშე დავდექით“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

სოფელ ნამოხვანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც ყურადღებით აკვირდება რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების განვითარებას.

„ომბუდსმენის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაში, მათ შორის, იმ ადგილზე რჩება, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვების დემონტაჟი განახორციელა. ჩვენ მხარეებთან პირდაპირ კავშირზე ვართ“, – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის კარვების აღების გადაწყვეტილების კანონიერებას.

„კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა... საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

პროტესტი ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
„ნამახვანჰესის“ ტენდერი გამჭვირვალე იყო – საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას.

მდინარე რიონში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ გაუჩინარებულ აქტივისტს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ვერსიით, 9 აპრილის ღამეს იგი ადიდებულ მდინარეში შევიდა და მდინარის დინებამ გაიტაცა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე აღნიშნული სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით. სოფელ ნამოხვანში მაშველების საველე შტაბია შექმნილი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0