თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. წყნარი ოკეანის კუნძულ ტანაზე მცხოვრები ტომის, იაოჰნანენის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბრიტანეთის პრინცი ფილიპი ღმერთად მიაჩნდათ, მისი მეორედ მოსვლის იმედი აქვთ, იუწყება მედია.
"...there is the belief that his soul is making its final journey across the waves of the Pacific Ocean to its spiritual home, the island of Tanna - to reside with those who have loved and revered him from afar all these years."https://t.co/bfk03Ht821
— A Force For Good 🏴🇬🇧 (@UKaForceForGood) April 12, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, პრინც ფილიპისადმი მსგავსი დამოკიდებულება კუნძულზე გასული საუკუნის 50–იან წლებში გაჩნდა უძველესი ლეგენდის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ვულკანით შობილი თეთრკანიანი მამაკაცი ოკეანის გაღმა გაემგზავრებოდა და იქ ძლევამოსილ ქალს შეირთავდა ცოლად, რის შემდეგაც ისევ კუნძულზე დაბრუნდებოდა.
ტომის წარმომადგენლებმა ლეგენდარულ ღმერთში ფილიპი მაშინ ამოიცნეს, როდესაც პირველად შეხვდნენ ბრიტანელ კოლონისტებს და მონარქიული ოჯახის ფოტოები ნახეს. კუნძულელების რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დედოფალ ელიზაბეტის მეუღლე ტანას ეწვია 1974 წელს.
როგორც ირკვევა, თავდაპირველად პრინცმა არაფერი იცოდა მისი მოთაყვანე ტომის შესახებ. ხოლო როდესაც ადგილობრივების რწმენის შესახებ აცნობეს, ედინბურგის ჰერცოგმა სახსოვრად თავისი პორტრეტი გაუგზავნა მათ ხელმოწერით. მადლიერების ნიშნად კი იაოჰნანელებისგან ტახებზე სანადირო ხელკეტი მიიღო.
ტანას მოსახლეობის რწმენა პრინცისადმი მის გარდაცვალებას არ შეურყევია. ახლა კუნძულზე სჯერათ, რომ ფილიპი მეორედ მოვა და ბრიტანული გვირგვინის სიმდიდრეს გაუნაწილებს მათ.
დედოფალ ელიზაბეტ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი 9 აპრილს 100 წლისა გარდაიცვალა უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში ბერკშირის საგრაფოში.