თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა, ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა „მცირე“ ოქროს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს.
გოტფრიდმა 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აკვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 111 კგ აწია.
მაგრამ ორჭიდის შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ცდაზე ატაცში გოტფრიდმა 128 კგ აიღო, მაგრამ შემდგომი ორი მისვლა (თითო 132 კგ) წარუმატებელი აღმოჩნდა. შემაჯამებელ ოქმში გოტფრიდმა 239 კგ შედეგით მეხუთე ადგილი დაიკავა.
პროგრამის ამ სახეობაში ევროპის ჩემპიონი რუსი დარია ახმეროვა (246 კგ) გახდა. მეორე ადგილი მოლდოვის წარმომადგენელმა ელენა ჩილჩიჩმა (245 კგ) დაიკავა, ხოლო მესამე - რუსმა დარია რიაზანოვმა (240 კგ).
ამ მომენტისთვის საქათველოს ნაკრების აქტივში სამი მედალია. ანტონ პლესნოი (-96 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო რევაზ დავითაძე (-89 კგ) და შოთა მიშველაძე (-61 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ასევე ქართველი ძალოსნების ანგარიშზეა ორი „მცირე“ მედალი - გოტფრიდის ოქრო აკვრაში და გოგი ჩხეიძის (-67 კგ) ატაცში.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს ორი ძალოსანი (ორივე +109 კგ წონით კატეგორიაში). ესაა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიო მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.