თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, ხოლო რადიკალები ამ საკითხს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდიან, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა, იუწყება РИА Новости.
საქართველოს დედაქალაქში მარტის ბოლო დღეებში გაიმართა გამოსვლები რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოზნერს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. ისინი იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, რომელშიც პოზნერი და მისი სტუმრები გაჩერდნენ, და შენობის ფასადს კვერცხები დაუშინეს.
„ავიამიმოსვლის შესახებ საუბარი ნაადრევია. საქართველოში რადიკალური მყვირალები (გავიხსენოთ პოზნერთან დაკავშირებული შემთხვევა) ამ საკითხს უფრო გაურკვეველს ხდიან. ეს სრულიად უმსგავსო ინციდენტი იყო. და ჩვენ ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის დაბალანსებულ განცხადებას ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა კარასინმა გაზეთ „კომერსანტს“.
რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულში სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული აჟიოტაჟის საპასუხოდ შეწყვიტა.
საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ. ეს არ ეხება სახმელეთო საზღვრებს, ისინი კვლავ ჩაკეტილია.