თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც შედგა.
„ტოტალური კარნახი“ გაიმართა ორ მოედანზე - პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც უშუალოდ კარნახს წერდნენ, და რუსული ენის ცენტრ „აზბუკაში“, სადაც ტესტ TruD-ის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომელშიც რუსული როგორც უცხო ენაა წარმოდგენილი.
როგორც თბილისში ღონისძიების კოორდინატორმა ელენა გალაშევსკაიამ განაცხადა, სულ 17 მონაწილე იყო: 11-მა კარნახი დაწერა, დანარჩენმა ექვსმა - ტესტი TruD.
„ეს ჩვენი მეხუთე შეხვედრაა, და სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ადამიანების რაოდენობამ იკლო. მაგრამ გვიხარია, რომ ზოგმა ჯანმრთელობის ფასად გარისკა და მოვიდა. ყველანი მზად იყვნენ კარნახის დასაწერად, პანდემიის და ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ხიფათების მიუხედავად“, - განუცხადა გალაშევსკაიამ Sputnik-საქართველოს.
აქციაზე მისულები წერდნენ რუსი მწერლის, დმიტრი გლუხოვსკის ტექსტს. კარნახის შემდეგ აქციის ერთ-ერთმა გამოცდილმა მონაწილემ ციური ბერიძემ აღნიშნა, რომ ტექსტი საინტერესო და არც ისე რთული აღმოჩნდა.
„ყოველ წელს სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ აქციაში, რადგან მიყვარს ჩემი საგანი. ორმოც წელიწადზე მეტი ვიმუშავე სკოლაში, ვასწავლიდი რუსულ ენასა და ლიტერატურას. ამ კარნახის შინაარსი ყველა მონაწილისათვის საინტერესო იყო. ტექსტი არ იყო ძალიან რთული, სიამოვნებით ვწერეთ“, - უამბო ბერიძემ Sputnik-საქართველოს კორსპონდენტს.
მონაწილეების ნამუშევრები რამდენიმე დღის განმავლობაში შემოწმდება, შემდეგ კი ორგანიზატორები დაადგენენ თარიღს, როდესაც ყველანი კვლავ შეიკრიბებიან და სერტიფიკატებს მიიღებენ.
„ტოტალური კარნახი“ - ყველა მსურველისთვის ნებაყოფლობითი კარნახის ფორმატის ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა. პირველად ღონისძიება 2004 წელს ნოვოსიბირსკში ჩატარდა. „ტოტალური კარნახის" მიზანია თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსული ენის ცოდნა და ცოდნის ამაღლების ინტერესი გაუღვიძოს.