თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დღეს კიდევ სამმა წევრმა - გივი თარგამაძემ, კოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დატოვეს, ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
დღეს პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. მანამდე კი პარტია მისმა ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს. მოსალოდნელია, რომ პარტიას ასევე დატოვებენ ირმა ნადირაშვილი და სერგო რატიანი, ყველა მათგანი პარტიის აქტიური ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი იყო.
სამივე აცხადებს, რომ „ბრძოლას თავისუფლებისთვის“ უპარტიო პოლიტიკოსის სტატუსით გააგრძელებს.
„მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმც უკვე გარედან, უცვლელია.
რაც შეეხება მომავალს - მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები“, - წერს გივი თარგამაძე.
„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ“, - წერს კოკა გაბაშვილი.
„ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა... მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების (მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ - რედ.) წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ“, - წერს ლევან თარხნიშვილი.
რამდენიმე ხნის წინ პარტია დატოვეს ასევე ელენე ხოშტარიამ და გიორგი ჭიაბერაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 72.986 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა (3.79%), რამაც მას 5 სადეპუტატო მანდატი მიანიჭა.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს >>
რეიტინგებში პარტია მესამე ადგილს იკავებს - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. დავით ბაქრაძე კი მოსახლეობაში ნდობით სარგებლობს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პერსონალურ რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგ ბაქრაძე მეოთხე ადგილს იკავებს (52%).