თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას“, – ნათქვამია პრემიერის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში დღეს დილით უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.
საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი 1921 წელს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე დაიბადა. ოჯახმა საბერძნეთი მალე დატოვა და საცხოვრებლად ჯერ პარიზში, მოგვიანებით კი ინგლისში გადავიდა. იმისათვის, რომ ელისაბედ მეორეზე დაქორწინებულიყო, პრინცმა ფილიპმა საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. წყვილი 1947 წელს დაქორწინდა.