თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი მზად არის აიცრას რუსული წარმოების ვაქცინით „სპუტნიკV", იუწყება გამოცემა Handelsblatt სოციალოგიურ კვლევაზე დაყრდნობით.
გაზეთის მონაცემებით, გამოკითხვის მონაწილეთა 55% მზად არის აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით, როდესაც ის ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის. ამასთან, გამოკითხულთა 19%-მა განაცხადა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამოიყენებდა, 14%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო 12%-მა თქვა, რომ საერთოდ არ სურს აცრის გაკეთება COVID-19-ზე.
ამასთან Handelsblatt-ს არ მოჰყავს კვლევის დეტალები - მისი მონაწილეების რაოდენობა, ჩატარების დრო ან ცდომილება.
ოთხშაბათს 7 აპრილს ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი ინვესტიციების რუსულ ფონდთან გააფორმა მემორანდუმი, რითაც ვაქცინა „სპუტნიკV"-ს შეძენის სურვილი გამოხატა. თუ პრეპარატი ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის, რეგიონი ზაფხულის შუა პერიოდში 2,5 მილიონამდე დოზის მიღებას შეძლებს.
მოგვიანებით გერმანიის კიდევ რამდენიმე ფედერალურმა მიწამ განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს „სპუტნიკV“.