თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კორონავირუსგადატანილ ყოველ მესამე პაციენტს, ინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგ, ფსიქიკური ან ნერვული აშლილობა აღენიშნება, ასკვნიან ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებიც ჟურნალ Lancet Psychiatry–ში გამოქვეყნდა.
მასშტაბურ კვლევაში 236 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ყველა მათგანს COVID-19 ჰქონდა გადატანილი. სპეციალისტები მათ 14 სახის ნერვულ და ფსიქიკურ აშლილობაზე ამოწმებდნენ.
გაირკვა, რომ ინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგ ყველაზე ხშირად თავს იჩენდა შფოთვა (დაუდასტურდა 17%-ს) და ასევე აფექტური აშლილობა (14%).
სხვა დიაგნოზების მაჩვენებელი ბევრად ნაკლები იყო. იშემიური ინსულტი გამოუვლინდა 2%-ს, უძილობა — 5%-ს, დემენცია — 0,7%-ს.
ამასთან აღინიშნება, რომ ეს მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო COVID–19–ის რთული ფორმით დაავადებულებებში.
კვლევით დადასტურდა, რომ პაციენტების 13%-ს პირველად გამოუვლინდა ფსიქიკურ და ნერვულ აშლილობასთან დაკავშირებული დარვევები.
მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ადამიანებს, რომლებიც წარსულში COVID-19 იყვნენ ავად, უფრო ხშირად უვლინდებოდათ ტვინის ფუნქციების დარღვევა, ვიდრე მათ, ვისაც გრიპი ან სხვა რესპირატორული დაავადებები ჰქონდა გადატანილი.
მანამდე ბრიტანეთის ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის პრეზიდენტმა ადრიან ჯეიმსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნის და მისი შედეგები ვირუსის დამარცხებიდან მრავალი წლის შემდეგაც იქნება საგრძნობი.