თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7–8 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა 20–25 გრადუსამდე მოიმატებს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.
დასავლეთ საქართველოში 25–30 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20–25 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
9 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. ჰაერის ტემპერატურა 10–12 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ასეთი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება. 11 აპრილიდან კი ამინდი გაუმჯობესდება.
სინოპტიკოსები თბილისში 8 აპრილამდე ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ. 7 აპრილიდან ჰაერი 17–19 გრადუსამდე გათბება, 8 აპრილიდან კი ჰაერის ტემპერატურა 22–24 გრადუსს მიაღწევს.
9 აპრილს ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ქალაქის გარეუბნებში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც წამში 22 მეტრს მიაღწევს.
რაც შეეხება სამშაბათს, 6 აპრილს, დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„დღეს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.