თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას კატეგორიულად არ ეთანხმება გამოკითხულთა 42%, მეტ-ნაკლებად კი არ ეთანხმება მოქალაქეების 18%. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.
გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციის ბოიკოტირებას გადაჭრით ეთანხმება 15%, მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11%. ამასთან, გამოკითხულთა 14% -მა არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.
ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ არჩევნები ცალსახად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, 19% კი ფიქრობს, რომ არჩევნები ცალსახად არასამართლიანად ჩატარდა, არ იყო სამართლიანი და გამჭვირვალე. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ არჩევნები გარკვეულწილად თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა.
კვლევა 2021 წლის 2 -26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.