Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი
პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.
როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.
წმიდა მოწამე დროსიდა – ტრაიანე მეფის ასული (+104-117)
99 წელს იპერატორმა ტრაიანემ (98-117) აღადგინა კანონი, რომლის მიხედვით ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საიდუმლო შეკრებები, 104 წელს კი გამოსცა საგანგებო განკარგულება ქრისტიანთა წინააღმდეგ. აქედან დაწყებული ქრისტიანების დევნა გრძელდებოდა მისი მეფობის დასასრულამდე. სხვების დასაშინებლად მოკლული ქრისტიანების გვამებს ხშირად დაუმარხავად ტოვებდნენ. ხუთმა ქრისტიანმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლინარიამ, დარიამ, მამთუსამ და ტაისიამ გადაწყვიტეს, დაეკრძალათ მიცვალებულები. მათ საიდუმლოდ მიჰქონდათ ქრისტიანთა ცხედრები, ნელსაცხებლებს სცხებდნენ და მარხავდნენ. როცა ეს ამბავი გაიგო ქრისტეს მორწმუნე მეფის ასულმა დროსიდამ, რომელიც ნათელღებული არ იყო, წმიდა ქალწულებს სთხოვა, ისიც თან წაეყვანათ. წმიდა დროსიდას საქმროს, სასახლის წარჩინებული კარისკაცის, ადრიანეს რჩევით, წამებული ქრისტიანების გვამებთან დარაჯები დააყენეს, რათა ხელთ ეგდოთ მიცვალებულთა გამპატიოსნებლები. პირველსავე ღამეს წმიდა დროსიდა და ხუთივე ქალწული შეიპყრეს. ტრაიანეს ბრძანებით, დროსიდა ცალკე გაიყვანეს, ქალწულები კი ცოცხლად დაწვეს სპილენძის სადნობ ღუმელში. ქალწულთა წმიდა ნეშტგარეული სპილენძისგან სამფეხები ჩამოასხეს ტრაიანეს ახალი აბანოსათვის, მაგრამ სანამ ეს სამფეხები აბანოში იდგა, შიგ ვერავინ შედიოდა – ყველა, ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა, უსულოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ, რატომაც ხდებოდა ეს სასწაული და ურჩიეს, სამფეხები გაეტანათ.
ადრიანემ იმპერატორს ურჩია, სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: „უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენს მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი“. გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს იმპერატორის ბრძანება: „გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას – მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში“. ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესთვის.
წმიდა დროსიდამაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. მოუნათლავი ასული მდინარისაკენ გაეშურა, სამჯერ ჩაეფლო წყალში და ნათელიღო. შვიდი დღე იმალებოდა წმიდანი, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. წმიდა ქალწული ქრისტიანებმა იპოვეს და მისი მონათხრობიდან გაიგეს ყოველივე. მერვე დღეს წმიდა მოწამე დროსიდა საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული.
წმიდა ისააკ მონაზონი (+383)
ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინეპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემლად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინეპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტინი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“ იმპერატორმა ყურადღება არ მიაქცია ბერის სიტყვებს და თავდაჯერებულმა განაგრძო გზა. სამგზის გაიმეორა ღირსმა მამამ თხოვნა და წინასწარმეტყველება. გაბრაზებულმა ვალენტიმ ბრძანა, ეკალ-ბარდებით სავსე ხრამში ჩაეგდოთ. წმიდა ისააკი გადარჩა, ხრამიდან ამოვიდა იმპერატორს დაეწია და უთხრა: „ჩემი დაღუპვა გსურდა, მაგრამ წმიდა ანგელოზებმა გამომიყვანეს უფსკრულიდან შეისმინე ჩემი ვედრება, გააღე მართლმადიდებლური ტაძრები და უფალი შეგეწევა. თუ არ დამიჯერებ, ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები“. იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანხმლებლებს – სატურნისა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ.
მალე წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედართმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით აღასრულა: კონსტანტინეპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინეპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.
ღირსი ისააკი გარდაიცვალა 383 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროების გამოყენებით!