თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ახალციხეში ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურამ საქმის მასალები დღეს გადასცა, იუწყება „პირველი არხი“.
27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს.
ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, ზემდგომმა პროკურორმა 31 მარტს გააუქმა მანამდე არსებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა ეზღუდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ოჯახს მასალებზე წვდომა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით ჰქონდა შეზღუდული.
როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა, ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ.
„საქმის მასალებში არის „იმედის კლინიკის“ მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები, ასევე თბილისის კლინიკის მედპერსონალი. ასევე, გამოკითხული არიან პირები, რომელთა იმუნიზაციაც მეგისთან ერთად მოხდა 18 მარტს. ამ წუთისთვის, საქმეში კვლავაც არ გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა“, – განაცხადა ბარამაშვილმა.
ასევე, ადვოკატ ნინო ამაღლობელის განცხადებით, დღეს ადვოკატები იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებაში, სადაც მეგი ბაქრაძის ბიძის, ტარიელ ბაქრაძის მონაწილეობით გარდაცვლილი მედდის მობილური ტელეფონი დაათვალიერეს.
„აღნიშნული ტელეფონი წინა დღეებში ამოიღო საგამოძიებო უწყებამ, შემდგომ აიღეს განჩინება დათვალიერების თაობაზე და დღეს მოხვდა უკვე უშუალოდ ბიძის მონაწილეობით მეგის ტელეფონის დათვალიერება. ჩვენ ველოდებით შემდგომში საგამოძიებო უწყების რეაგირებას და მობილური ტელეფონის მიმოწერებში არსებული პირების მოწმის სახით გამოკითხვას“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციამდე ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ისინი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვასაც ითხოვენ. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.
18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.