„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“: საქართველოში გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას გლოვობენ

© photo: Guram Dochanashvili / FBგურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
გამოჩენილი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება სამუდამოდ აღიბეჭდება ქართველი მკითხველის მეხსიერებაში.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. საქართველოს პირველი პირები გამოჩენილი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„თანამედროვეობის უდიდესი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა - მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

არჩილ თალაკვაძემ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ოჯახს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოჯახს და ახლობლებს დოჩანაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ძნელია, როდესაც ყველასთვის საყვარელ ადამიანს ემშვიდობები. კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე“, - დაწერა კალაძემ.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. მწერალი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

ყველა ახალი ამბავი
0