თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ქართული ტელეარხები „რუსთავი 2“, Comedy TV და Marao TV, რომლებიც ქართულ კომპანია „მედია ჰოლდინგში“ შედიან, კომერციულ მაუწყებლობას Azerspace-1–ის მეშვეობით დაიწყებენ, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
შესაბამის ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ ხელი მოეწერა Azercosmos–სა და ქართულ კომპანია „მედია ჰოლდინგს“ შორის.
ეს არხები საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, ანალიტიკურ და კულტურულ პროგრამებს გადასცემენ ქართულ ენაზე. Azercosmos–სთან „მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლობის წყალობით ქართველი მაყურებელი სატელევიზიო არხების ყურებას თანამგზავრი Azerspace-1–ის წყალობით შეძლებენ, აღნიშნულია Azercosmos–ის განცხადებაში.
შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას „მედია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა ზაზა გველესიანმა განაცხადა, რომ ძალიან მოხარულია ამ შეთანხმების გამო, ამ თანამშრომლობის მეშვეობით ქართული არხები ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის ყველა კუთხეში, ასევე სხვა სახელმწიფოებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
Azercosmos–ის რეგიონულმა დირექტორმა იოლჩუ ჰასანოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული თანამგზავრული ოპერატორი, უკვე ექვს წელზე მეტია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს მაუწყებლობის ქართულ ბაზარზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
Azercosmos–ი წამყვანი თანამგზავრული ოპერატორია სამხრეთ კავკასიაში. Azerspace-1 – სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელსაც Azercosmos–ი მართავს, თავის კლიენტებს ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საიმედო და ფართოსამაუწყებლო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. თანამგზავრი ორბიტაზე 2013 წლის თებერვალში გაუშვეს.