თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ადმინისტრაციაში ცვლილება განახორციელა - საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
ტყეშელაშვილის წინამორბედი დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
თამარ ტყეშელაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2017-2018 წლებში თამარ ტყეშელაშვილი იყო კავკასიის სამართლის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) მოწვეული ლექტორი. 2016-2019 წლებში იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი.
2020 წლის სექტემბრიდან თამარ ტყეშელაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.