„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“ – პრემიერმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეაფასა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ხელისუფლება უფლებას იტოვებს, აღარ დაკარგოს დრო ოპოზიციის „ახირებების“ განხილვაზე და მთლიანად ხალხისთვის რეალურ პრობლემებზე ორიენტირდეს, აცხადებს ღარიბაშვილი.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმუმი გააკეთეს შეთანხმების მისაღწევად, ოპოზიციას კი გამბედაობა არ ეყო უარი ეთქვა უსაფუძვლო პრეტენზიებზე და ხელი მოეწერა დოკუმენტზე – ასე შეაფასა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა. 

სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ზურაბიშვილი: მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, თბილისში სამშაბათს გაიმართა.

შვედმა დიპლომატმა მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი წარუდგინა, რომელსაც არც ერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა. გარკვეული დაახლოება, ისიც ზეპირი, ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე შედგა: მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, ძალთა გადანაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა საერთოდ ვერ შეძლეს ორ საკითხთან დაკავშირებით – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმებისთვის, თუმცა, ოპოზიცია... მოლაპარაკებების ჩაგდებაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ თავად ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ხელოვნურად შექმნილი ე.წ. „კრიზისი“, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენას ცდილობენ, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლება უფლებას იტოვებს, დრო არ დაკარგოს ამ ახირებების განხილვაზე და სრულად მობილიზდეს რეალურ პრობლემებზე, რომელიც ხალხს და ქვეყანას აწუხებს. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიებისთვის კარი კვლავ ღიაა

„ჩვენ გვაქვს დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, უახლოეს რამდენიმე კვირაში მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს იმ ჩიხიდან გამოსვლას, რომელშიც თავად ნებაყოფლობით შევიდა.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უკვე ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს და მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა პოლიტპატიმრების – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

ყველა ახალი ამბავი
0