ოპოზიციამ დაინახა მზადყოფნა კომპრომისისთვის მმართველ პარტიასთან გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მეორე შეხვედრაზე წარმოადგინა სპეციალური კომპრომისული შეთანხმება, რომელსაც მხარეები არ დაეთანხმნენ.
„ხუთსაკითხიანი დოკუმენტი იყო, საიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის რეფორმა, გადანაწილება პარლამენტში. დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების თემა, ანუ ამნისტიის თემა. ვფიქრობ, აქ წავიწიეთ წინ და ჩემი აზრით, პატარა ტექნიკური საკითხებია დასამთავრებელი, თუ ხელისუფლების ნება იქნება“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მისი თქმით, არჩევნების საკითხი დოკუმენტში არ იყო ნახსენები.
„ბოლოს დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის, რადგან ხუთი საკითხიდან სამი საკითხი შეთანხმებულია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამ თემასთან დაკავშირებით ის გააგრძელებს კონსულტაციას პრეზიდენტ მიშელთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი აღნიშნა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც.
„პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა... გულწრფელი შეთანხმების და კომპრომისის მზაობა იქ არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ის, რომ პრობლემურია მხოლოდ ორი პუნქტი, დაადასტურა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც.
„ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა. თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ ეს, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ იყო მზად კომპრომისისთვის.
„არსებობდა ორი საკითხი – პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.