თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით დღეს, დილით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის 19 მარტს გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი იყო. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.
ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.
1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.
ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.