ნათია ქვარცხავა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკის გმირი ამჯერად, ერთი შეხედვით, სიფრიფანა, ცისფერთვალება, შავგვრემანი მომღერალი თამარ კუტიძეა, რომელიც დიდი შინაგანი ძალითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა.
მუსიკით კუტიძე უკვე ოცი წელია გატაცებულია. თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა წელს სიმღერით Докурю и брошу მოიპოვა. სიმღერამ YouTube-ზე უკვე 4,5 მილიონი ნახვა მოაგროვა.
ბავშვობის წლები საქართველოში
თამარი აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში დაიბადა, მაგრამ ოჯახი საცხოვრებლად ოზურგეთში, მამის სახლში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კუტიძე თავს „მსოფლიო ადამიანს“ უწოდებს, რადგან მისი ცხოვრება სამ ქვეყანასთან - საქართველოსთან, რუსეთთან და ისრაელთან (სწორედ იქაურია მისი მეუღლე) - არის გადაჯაჭვული, საქართველოზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს.
„მთელი ბავშვობა საქართველოში გავატარე, - ყვება მომღერალი - ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და ამას ვამბობ, როგორც ნამდვილი ქართველი, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი. ჩემთვის საქართველო პირველ ადგილზეა, ვინაიდან სამშობლო მიყვარს. ან როგორ შეიძლება არ მიყვარდეს?
ოზურგეთში პატარა თამარი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. დედა სვანი ჰყავს, მამა - გურული. ამიტომ პატარაობაში მხოლოდ ქართულად საუბრობდა, ოზურგეთში ორი კლასი დაამთავრა.
„ვიცხოვრე ქართული ტრადიციებით - ესაა აღზრდა, ახლობლების, უფროსების პატივისცემა, მშობლები არასდროს შემირცხვენია, - ჰყვება თამარი. - ეს აღზრდა ჩემში დარჩა, ქართული წესებით ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, ზეპირად ვიცოდი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი. დედა მკაცრი მყავდა, ამიტომ ბავშვობა არა მხოლოდ მხიარული იყო, არამედ დატვირთულიც“.
თამარის მამა სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი იყო, სადაც თერთმეტი წელი ცეკვავდა, ქალიშვილმა კი გადაწყვიტა ვოკალური კარიერა აერჩია.
„მუსიკალური, სიმპატიური ბავშვი ვიყავი. ერთხელ სილამაზის კონკურსში მიმიწვიეს. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ქართული სიმღერა უნდა შემესრულებინა დედაზე. როდესაც სცენა დავინახე, მივხვდი, რომ ამ გზით უნდა მევლო. ყველაფერი აქედან დაიწყო“, - იხსენებს თამარი.
მალე მამის სამსახურის გამო კუტიძეების ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
„სიმართლე გითხრათ, აქედან წასვლა ძალიან გამიჭირდა, რადგან ასეთ სიყვარულს და სითბოს სხვა ადამიანებისგან ვერ ვგრძნობდი“, – აღიარებს თამარ კუტიძე. მომიხდა მეგობრების, გარემოცვის გამოცვლა, ახლობლებს წლობით ვერ ვნახულობდი. რუსულ სკოლაშიც გამიჭირდა. მაგრამ ძალიან მეხმარებოდნენ. ნელ-ნელა შევეჩვიე, გავძლიერდი. ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი და ვიცოდი, რა მინდოდა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მეცხოვრა“.
ვირტუალური „გასროლა“
მიუხედავად იმისა, რომ თამარ კუტიძე დიდი ხანია მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს კარიერა, გოგონას თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ ააწყო. ამაში მას ინტერნეტ–სივრცე დაეხმარა. დღეს სიმღერა Докурю и брошу ნახვებით ხუთ მილიონს უახლოვდება. იყო სხვა რეპერტუარიც, გამოსვლები და გრძელი გზა, მაგრამ სწორედ ამ კომპოზიციამ „გაისროლა“, ამბობს გოგონა.
„ეს სიმღერა ცნობილმა ავტორებმა დაწერეს, ისინი ბევრი არტისტისთვის თხზავენ, - ჰყვება თამარი. - საინტერესოა, როდესაც კომპოზიციას პირველად მოვუსმინე, არ მომეწონა. ჯერ ერთი, არასდროს ვეწეოდი. მინდოდა ლამაზი, ლირიკული, ქალური ისტორია მემღერა. მაგრამ რჩევას დავუჯერე და სიმღერა მართლაც ბევრი ქალისთვის აღმოჩნდა საინტერესო“.
დღეს არტისტი, როგორც კუტიძე ამბობს, მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა. ზოგჯერ რამის დათმობაც გიწევს, ძლიერი უნდა იყო, საკუთარ თავზე იმუშაო, მიზნებს მიაღწიო.
„რასაკვირველია, სირთულეებიც ახლავს თან. უცხო ქვეყანაში ჩასულ ქართველ გოგონას ცრემლიც დაუღვრია. მაგრამ ყველა, ვინც იგებს, რომ ქართველი ვარ, თბილად მექცევა, - ამბობს კუტიძე. - ყველასთვის ცნობილია ქართული სტუმართმოყვარეობა, ეროვნული სამზარეულო, სიმღერები, ცეკვები. ეს მხარდაჭერა წინსვლაში დამეხმარა. ასე რომ არ ყოფილიყო, უკან დავბრუნდებოდი. ახლა, როდესაც ვკითხულობ ქართველების კომენტარებს ჩემს სიმღერებზე - „საქართველოს გაუმარჯოს“, „ჩვენი გოგონა“... - თვალზე ცრემლი მადგება, გული მითბება. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, მე ხომ ქართული სული მაქვს, ამას ვერსად გავექცევი და არც მინდა“.
სხვათაშორის, მომღერალს ქართულად სიმღერის სურვილიც აქვს. უბრალოდ განიცდის, რომ აქცენტი ეტყობა. „იქნებ ქართულად ალბომიც ჩავწერო და ის ჩემი ქვეყნისთვის იქნება“, - გეგმავს შემსრულებელი.
შთაგონება საქართველოდან
„ყოველთვის, როდესაც აქ ჩამოვდივარ, მადლიერებისა და სიამაყის გრძნობა მეუფლება, რადგან ქართველი ვარ, - ამბობს თამარი. - ჩემთვის ქართველი ქალი წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათია. იქ, სადაც ქართველი ქალია - ყველა „ისვენებს“. კიდევ სულიერი ძალა და სითბო. ჩემი ოჯახი და ჩემი ხალხი მიყვარს“.
ყველას, ვინც საქართველოში ჩამოდის, თავისი „სიძლიერის ადგილები“ აქვს, ფიქრობს მომღერალი. გამონაკლისი არც თამარ კუტიძეა. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადგილი დედის მშობლიური კუთხე - სვანეთია.
„ჩემთვის ასეთი ადგილი ზემო სვანეთშია. იქ მამათა მონასტერია. როდესაც ვესტუმრე, წარმოუდგენელი ემოციები დამეუფლა - ყველაფერი მთებსა და სიმწვანეშია ჩაფლული და ერთი პატარა ეკლესია მოჩანს. ძალიან შთამბეჭდავია“, - ამბობს მომღერალი.
მისთვის შთაგონების წყარო არა მხოლოდ საქართველოს პეიზაჟები, არამედ ცნობილი არტისტებიც არიან.
„რასაკვირველია, ჩემი შთაგონების წყარო ცნობილი ქართველი არტისტები არიან. მაგალითად, ნანი ბრეგვაძე. მას შესრულების ესთეტიკას დავესესხებოდი. ეს არის ერთგვარი ქართული სწორი მანერა და სტილი. მომწონს, როგორ გამოიყურება 84 წლის ასაკში. ეს არარეალურია! ასევე თამარ გვერდწითელი - არაჩვეულებრივია. მას ბევრ კონცერტზე შევხვედრივარ. მომწონს, რომ ასეთი თბილი და სტუმართმოყვარეა. რა თქმა უნდა, მისი არაჩვეულებრივი ხმა, რომელიც უბრალოდ მოედინება. ასეთი ხელოვანები შთაგაგონებენ, სურვილს გიჩენენ, რაღაცით დაემსგავსო. ისინი ნამდვილად იმსახურებენ, იყვნენ მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნავს კუტიძე.
პანდემია და დანაკარგი
კორონავირუსის პანდემია ყველას შეეხო, მაგრამ ყველაზე მეტად მათ გაუჭირდათ, ვინც ვირუსს პირისპირ შეეჯახა და დანაკარგიც განიცადა.
„ჩვენ რუსეთში ჩავრჩით, თუმცა, სამ-სამი თვე ბატ-იამაში ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს სითბო და ზღვა. სიცივეში ყოფნა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. თანაც, ავად გავხდი, ორი თვე ვიწექი, თავს ვერ ვწევდი. ბოლო წელი რთული იყო მორალურადაც. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ხელახლა გავაანალიზე. მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან. უსიამოვნო სიტუაციაც გადავლახე“, - ამბობს თამარა სინანულით.
საქმე ისაა, რომ ვერაგმა ვირუსმა თამარა კუტიძეს ყველაზე ძვირფასი ოცნება - ბავშვი წაართვა, აღიარებს მომღერალი. „ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა. ორსულად ვიყავი... სამწუხაროდ, ბავშვი დავკარგე... ბავშვი ჩემი დიდი ოცნება იყო“.
კუტიძეს ბავშვები ყოველთვის უყვარდა. ერთ დროს ვოკალსაც ასწავლიდა და არა მხოლოდ. „ეს ჩემი ჰობია სტუდენტობიდან მოყოლებული. ბავშვები დადებით ენერგიას მაძლევენ, ისინი ძალიან მიყვარს. სახლში შემოქმედებითი სტუდია მაქვს. იქ ბავშვებს არა მხოლოდ ვოკალს ვასწავლი, არამედ იმასაც, თუ როგორ გახდნენ არტისტები“, - ხაზს უსვამს მომღერალი.
მომღერალს დიდი გეგმები და ოცნებები აქვს, რომლებზეც გატაცებით საუბრობს. „მინდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი გავხდე, ინგლისში გავემგზავრო და კარიერა იქ ავიწყო. გავმართო დიდი კონცერტი საქართველოში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ვიმღერო საყვარელი ხალხისთვის“, - აღნიშნავს თამარ კუტიძე.