თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines 1 ივნისიდან ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
თავდაპირველად ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება, შემდეგ კი რეისების რაოდენობა კვირაში ოთხამდე გაიზრდება.
საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით 2020 წლის მარტში შეაჩერა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში მხოლოდ მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებელი სპეცრეისები სრულდებოდა.
საქართველომ საერთაშორისო ავიამიმოსვლა გახსნა 2021 წლის 1 თებერვალს, მას შემდეგ ავიაგადამზიდავები თანდათან უბრუნდებიან ქართულ ბაზარს.