თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აშშ-ის სხვადასხვა უწყებების სპეციალისტები სწავლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებას ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.
აღნიშნული მოხსენება ჯანმოს საერთაშორისო სპეციალისტების უჰანში სამუშაო ვიზიტის საფუძველზეა შედგენილი. ექსპერტებმა კორონავირუსი SARS-CoV-2-ის წარმოშობის თაობაზე ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა დაასახელეს, რომლის თანახმადაც ვირუსის გადაცემა ღამურიდან ადამიანზე შუალედური რგოლის — ოთხიდან ერთ-ერთი ცხოველის მეშვეობით მოხდა. ამასთან მკვლევარებს ეჭვი შეაქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობასა და მისი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებაში.
„მოხსენება, რომელსაც ჯერ ემბარგო აქვს (გამოქვეყნებული არ არის, — რედ.), ახლა ამერიკელი ექსპერტების ხელშია სამთავრობო სტრუქტურებიდან. <...> ჩვენ ამ მოხსენებას დეტალურად და სწრაფად შევისწავლით. ამაზე ჩვენი მთავრობის საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ“, — განაცხადა პსაკიმ.
ამასთან ერთად თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლევის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს, რა სამომავლო ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯანმოს მოხსენებაში წარმოდგენილი მონაცემების მიმართ.
მანამდე, იმავე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ის ზეწოლას ახდენს ჯანმოზე და ასევე ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მოხსენების ავტორებზე. მისი თქმით, ჩინეთისთვის მიუღებელია აშშ-ის უსასრულო ბრალდებები და ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობები.