თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის კულტურულ–მუსიკალურ ცენტრში, კოვიდ-შეზღუდვების გამო დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 11 აპრილს მოცარტის „რეკვიემი“ შესრულდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა – ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე, სოლისტები სოფიო გორდელაძე, ნანა ძიძიგური, ზურაბ ნატროშვილი და გიორგი გოდერძიშვილი. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
„რეკვიემი“ – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გენიალური ნაწარმოები, მისი უკანასკნელი ქმნილებაა, რომლის დასრულება მან ვერ მოასწრო (დაასრულეს იოზეფ ეიბლერმა და მოცარტის მოწაფემ ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერმა). სამგლოვიარო, სულის მოსახსენებელი მესა 12 ნაწილისგან შედგება. დაწერილია კანონიკურ ლათინურ ტექსტზე.
კონცერტი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგენილი წესების სრული დაცვით ჩატარდება. ამ ეტაპზე ბილეთები მხოლოდ ონლაინ იყიდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.